საქართველოს ელჩმა ქ. მელბურნში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

29.10.2019 ავსტრალია - საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ, ქ. მელბურნში საქართველოს საპატიო საკონსულოში, საქართველოს მიმზიდველი ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი ბიზნეს, სავაჭრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, ასევე ქ. მელბურნში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები.
ღონისძიება ქ. მელბურნში (ვიქტორიას შტატი) საქართველოს საპატიო კონსულის, პიტერ მაკმალენის ორგანიზებით გაიმართა.
ელჩმა, შეხვედრის მონაწილეებს ვრცლად გააცნო საქართველოს ტურისტული პოტენციალი და ქვეყნის მიმზიდველ ეკონომიკურ, სავაჭრო და საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ქართული ღვინით. ასევე, ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს „მელბურნის ქართული გუნდის“ წევრებმა.