საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა მალდივების რესპუბლიკის პრეზიდენტს

18.04.2018 მალდივები -  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა მალდივების რესპუბლიკის პრეზიდენტს აბდულა იემინ აბდულ გაიუმს.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა შეხვედრა საქართველოს ელჩსა და მალდივების რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის, რომლის დროს მიმოხილულ იქნა საქართველოსა და მალდივების რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები. მალდივების პრეზიდენტმა წარმატება უსურვა საქართველოს პირველ არარეზიდენტ ელჩს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.
 
მალდივების რესპუბლიკის დედაქალაქ მალეში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს მალდივების მთავრობის წარმომადგენლებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.