საქართველოს ელჩმა საბერძნეთის გემთმფლობელთა ასოციაციის (HSSA) შეხვედრაზე საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

9.05.2018 საბერძნეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთის რესპუბლიკაში იოსებ ნანობაშვილმა საბერძნეთის გემთმფლობელთა ასოციაციის (HSSA) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე საქართველოს საინვესტიციო-სამეწარმეო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

შეხვედრაზე ელჩმა განიხილა საქართველოს განვითარების საერთაშორისო მაკროეკონომიკური რეიტინგები, საგადასახადო სისტემის სიმარტივე, საბანკო სისტემის მოქნილობა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სპეციფიური საკითხები, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის სფეროში ბიზნესის წარმოების შესაძლებლობები. ელჩმა გემთმფლობელებს მიაწოდა ინფორმაცია „აწარმოე საქართველოში“, „საპარტნიორო“ და „თანადაფინანსების“ ფონდების საქმიანობის შესახებ, განიხილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროცესი და ამ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის პერსპექტივები, ისაუბრა საქართველოს საგარეო ვაჭრობის ტენდენციებზე, მსოფლიოს მსხვილ ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობის შედეგად მიღწეულ შედეგებზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

შეხვედრის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებამ იხილა საქართველოს შესახებ სარეკლამო ვიდეო-ფილმი.