საქართველოს ელჩმა სან მარინოს კაპიტან-რეგენტებს რწმუნებათა სიგელები გადასცა

13.03.2019 სან-მარინო -  სან-მარინოში, პალაცო პუბლიკოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა სან მარინოს კაპიტან-რეგენტებს მირკო ტომაზონის და ლუკა სანტოლინის. ცერემონიას ესწრებოდა სან მარინოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი ნიკოლა რენცი.
 
სან მარინოს კაპიტან-რეგენტებმა წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვეს საქართველოს ელჩს, რომელმაც თავის მხრივ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვა.
 
ვიზიტის ფარგლებში,  ასევე გაიმართა შეხვედრა საქართველოს ელჩსა და სან მარინოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს ნიკოლა რენცის შორის. შეხვედრაზე საქართველოს და სან მარინოს რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები და საერთაშორისო ორგანიზაციებში კანდიდატების მხარდაჭერის შესაძლებლობები განიხილეს.
 
ასევე, შედგა ელჩის შეხვედრა ეკონომიკური განვითარების სააგენტოსა და სავაჭრო პალატის დირექტორს მასიმო გიოტის შორის. საქართველოს ელჩმა სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებზე, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებზე, ასევე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის ინიციატივებზე.შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და საქართველოსა და სან მარინო ბიზნეს წრეებს შორის კავშირების გაღრმავების პერსპექტივები.