ილია დარჩიაშვილმა პოლონელ სტუდენტებს საქართველოს შესახებ ლექცია წაუკითხა

12.04.2019 პოლონეთი- პოლონეთში საქართველოს საელჩოს, ვარშავის ეკონომიკის სკოლის და ვარშავის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა კლუბის ორგანიზებით, საელჩოში გაიმართა ღონისძიება - „Action Diplomacy“, რომელშიც პოლონეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმატებულმა სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.
 
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ილია დარჩიაშვილის ლექცია, რომელმაც ისაუბრა საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ. ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებზე. ასევე, ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე.
 
ლექციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია აუდიტორიაში და შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
 
საელჩო პროექტში „Action Diplomacy“ უკვე მეორე წელია იღებს მონაწილეობას.