საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში გიორგი ჯანჯღავამ,  შეხვედრა გამართა SABIC-ის (Saudi Arabia Basic Industries Corporation) აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან,  ხალიდ ალ-მანასთან.  SABIC-ი წარმოადგენს Aramco-ს  შემდეგ სამეფოს უმსხვილეს სახელმწიფო კორპორაციას.  საუბარი შეეხო საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ქიმიური მრეწველობის დარგში ურთიერთობების  განვითარებას.   აღსანიშნავია, რომ ხალიდ ალ-მანა არის საუდური ერთ-ერთი მსხვილი კომპანია Al-mana Group-ის მფლობელი, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში სამომავლო საინვესტიციო პროექტების განხორციელებით. მიმდინარე წელს იგი გეგმავს ეწვიოს საქართველოს რათა უკეთ გაეცნოს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს.

10 მაისს კი,  საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში, სამეფოს კერძო ავიაკომპანიის „Nesma Airlines“-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრა ძირითადად შეეხებოდა საუდის არაბეთის საავიაციო ბაზარზე საქართველოს ავიაკომპანიის შემოსვლის საპასუხოდ, საუდური კომპანიის მიერ რიადიდან და ჯედადან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის საკითხს მიმდინარე წლის ივნისიდან საქართველოში საზაფხულო ტურისტული სეზონის დამთავრებამდე.

საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში,  საქართველოში საინვესტიციო კომპანია " Saguramo Gardens" - ის დამუძნებელ აბდულა ჰამედთსაც შეხვდა, რომელიც ამავდროულად არის მალდივის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთში. საუბარი შეეხო საქართველოში მის მიერ განხორციელებული საინვესტიციო პროექტის სამომავლო გეგმებს.