საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში გამართა შეხვედრა სამეფოს ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგო კომპანიის მფლობელთან

21.02.2018 საუდის არაბეთი -  საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში, გიორგი ჯანჯღავამ გამართა შეხვედრა სამეფოს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია Acwa Power-ის და Abunayyan Holding-ის მფლობელთან, შეიხ მუჰამედ აბუნაიანთან.

შეხვედრის შემდეგ ელჩმა გამართა პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ქვეყანაში ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით არსებულ შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.

Acwa Power-ი ძირითადად წარმატებით მოღვაწეობს ჰიდროენერგეტიკის სფეროში. კომპანიის საერთო აქტივები 30 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. იგი ამჟამად ოპერირებს აზიისა და აფრიკის 11 ქვეყანაში.

კომპანიის ხელმძღვანელობამ გამოთქვა სურვილი, მომავალში ესტუმროს ჩვენს ქვეყანას ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობის შესწავლის, საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალისა და განახლებადი ენერგიის რესურსების უკეთ გაცნობის მიზნით.