საქართველოს ელჩმა ტაილანდის მეფეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

11.12.2018  ტაილანდი- ტაილანდის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა (რეზიდენციით ქ. ნიუ დელი) რწმუნებათა სიგელები გადასცა ტაილანდის მეფეს მაჰა ვაჯირალონგკორნ ბოდინდრადებაიავარანგკუნს (His Majesty Maha Vajiralongkorn Bodindradebayavarangkun King of Thailand).
 
რწმუნებათა სიგელების გადაცემის დროს გამართული საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ და მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებს. საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ტაილანდის მეფეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, ტაილანდის მეფემ წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა საქართველოს ელჩს.
 
საქართველოსა და ტაილანდის მხარეებს შორის არსებობს ვიზიტების გაცვლის დადებითი დინამიკა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეწვია ტაილანდის პრინცესა მაჰა ჩაკრი სირინდჰორნი (Her Royal Highness Maha Chakri Sirindhorn), ხოლო ტაილანდში განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი,რომლის დროსაც  სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა  სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
 
 მხარეები ასევე აქტიურად  ავითარებენ კავშირებს ტურიზმისა და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში, ორივე ქვეყანაში იგეგმება საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საკონსულო დაწესებულებების გახსნა. ამასთან, მიმდინარე წლის სექტემბერში ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა ტაილანდის სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას.