საქართველოს ელჩმა ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

22.10.2018 ტანზანია- 17-20 ოქტომბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ დვალიშვილი (რეზიდენციით . ადის-აბებაში) ოფიციალური ვიზიტით ეწვია ტანზანიის გაერთიანებულ რესპუბლიკას.
 
ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ დვალიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულება ჯონ ჯოზეფ პომბე მაგუფულის. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა საქართველოს ელჩის შეხვედრა ტანზანიის პრეზიდენტთან. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე. გამოითქვა იმედი, რომ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.
 
ტანზანიაში ვიზიტის  ფარგლებში, საქართველოს ელჩმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ტანზანიის საგარეო საქმეთა და აღმოსავლეთ აფრიკული თანამშრომლობის მინისტრთან ავგუსტინ მაჰიგასთან.  შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის შესაძლებლობები და მზადყოფნა გამოთქვეს, აქტიურად ითანამშრომლონ ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიმართულებით.