საქართველოს ელჩი თურქული ავიაკომპანიის პრეზიდენტს შეხვდა

15.07.2019 თურქეთი -  საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა თურქული ავიაკომპანიის „ატლასგლობალი“ (Atlas Global) პრეზიდენტთან და მფლობელთან მურათ ერსოისთან გამართა.

ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ 2019 წლის 16 ივლისიდან კვირაში ოთხჯერ, Airbus -320 ტიპის თვითმფრინავით, განაახლებს პირდაპირ ავიამიმოსვლას სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან უფრო მეტი ტურისტის შემოდინებას საქართველოში. 

მურათ ერსოის განცხადებით, პირდაპირი ფრენების ფასი თბილისის მიმართულებით მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება. შეხვედრაზე მხარეებმა სტამბოლი-თბილისის პირდაპირი ავიარეისის ერთობლივი ძალებით პოპულარიზაციის შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს.