საქართველოს ელჩმა უნგრეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

6.11.2018 უნგრეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  ზაალ გოგსაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს იანოშ ადერს.
 
საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში საქართველოს ელჩსა და უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე  მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრული ურთიერთობები. ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს  შორის პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით ჩამოყალიბებულ მჭიდრო თანამშრომლობას.
 
უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა იანოშ ადერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის მიმართ.
 
ზაალ გოგსაძემ მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, იანოშ ადერმა  წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა საქართველოს ელჩს.
 
ცერემონიალის  დასასრულს,  საქართველოს ელჩმა გვირგვინით შეამკო უნგრელ გმირთა მემორიალი.