საქართველოს გავლით რეგიონულ პროექტებს შეუძლია დადებითი გავლენა იქონიოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე - მიხეილ ჯანელიძე

​28.05.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, გლობალიზებული ეკონომიკის, საერთო ბაზრებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების პირობებში, აქტიური ეკონომიკური დიპლომატიის როლი სულ უფრო გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ამის შესახებ მან ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ეკონომიკური დიპლომატიის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ეკონომიკური დიპლომატიის პროექტის განხორციელება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო და ხელშესახებ შედეგებს უკვე მიაღწია. ხელი მოეწერა მთელ რიგ ეკონომიკურ შეთანხმებებს, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავი, მინისტრის თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭროს სივრცის შესახებ შეთანხმება და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაა. 

„თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში, ეფექტიანი დიპლომატიის გასაღები რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ თანამშრომლობაშია.  პოლიტიკური სიმწიფე, ეკონომიკური ღიაობა და კორუფციისგან თავისუფლება საქართველოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ქვეყნისთვის მიმზიდველ პარტნიორად აქცევს. 

საქართველო ეფექტიანად იყენებს სავაჭრო და სატრანსპორტო გზების გასაყარზე თავის სტრატეგიულ მდებარეობას, ვინაიდან რეგიონულ პროექტებს საქართველოს მონაწილეობით შეუძლია გავლენა მოახდინოს ევროპის ენერგო უსაფრთხოებაზე და ხელი შეუწყოს ევროპასა და აზიას შორის კავშირის გაძლიერებას“ - განაცხადა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას. 

მინისტრის თქმით, საქართველოს საერთაშორისო კავშირების განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საქართველოს ინსტიტუტებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს შორის ურთიერთობების განმტკიცებაზე.  როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, მთავრობის მიზანია  გააძლიეროს დიასპორის კულტურული კავშირები  საქართველოსთან და ასევე ხელი შეუწყოს მის ჩართულობას ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური განვითარების საქმეში. 
 
თბილისი 26-29 მაისს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. 28 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.