საქართველოს კანდიდატი წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სასჯელის პრევენციის ქვეკომიტეტის წევრად იქნა არჩეული

2018 წლის 25 ოქტომბერს, ქ. ჟენევაში  წამების, სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ოქმის (OPCAT) წევრი ქვეყნების მე-7 შეხვედრაზე გაიმართა არჩევნები, რომელზეც გაერო-ს შესაბამისი ქვეკომიტეტის წევრად (SPT)  2019-2022 წლების ვადით არჩეული იქნა საქართველოს მიერ წარდგენილი კანიდატი ნიკა კვარაცხელია.

საქართველოსთან ერთად, ქვეკომიტეტში 13 ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო 19 ქვეყნის კანდიდატი.

წამების პრევენციის ქვეკომიტეტი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში შესაბამისი კომპეტენციის მქონე 25 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შედგება და ზედამხედველობას უწევს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმის განხორციელებას.

საქართველოს კანდიდტი ნიკა  კვარაცხელია  2013 წლიდან მუშაობს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში, პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. 2014 წელს,  მისი აქტიური ჩართულობით გახორციელდა ნაციონალური პრევენციის მექანიზმის რეფორმა.  ნიკა  კვარაცხელია აქტიურად  მონაწილეობს წამების წინააღმდეგ მიმართულ გლობალურ კამპანიებში და ხელს უწყობს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის კონვენციის ფაკულტატური ოქმის (OPCAT) შესახებ ცნობიერების ამაღლებას. 2008 წლიდან ის მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში, ადამიანის უფლებათა დამცველად და წარმოადგენდა დაზარალებულებს ადგილობრივ და საერთაშორისო სასამართლოებში.