საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში შეთანხმების პარაფირება განხორციელდა

7.10.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის,  ხათუნა თოთლაძისა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჰუბერტ კნირშის მიერ განხორციელდა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში შეთანხმების პარაფირება.

შეთანხმების გაფორმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კულტურისა და განათლების სფეროში იმ ინტენსიური ურთიერთობების გათვალისწინებით, რაც საქართველოსა და გერმანიას შორის არსებობს. განსაკუთრებით, აღსანიშნავია 2017 წელს საქართველო-გერმანიის წელი, რომელმაც მოიცვა თანამშრომლობის ფართო სპექტრი და 2018 წელს, საქართველოს მონაწილეობა საპატიო სტუმრის სტატუსით ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, ასევე გერმანიის მხარდაჭერა განათლების სფეროს განვითარებისთვის, როგორც პროფესიული განათლების, ასევე ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიების გამოყოფის კუთხით.

ამასთანავე, შეთანხმების გაფორმება კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს თანამშრომლობის ახალ მიმართულებებს.

შეთანხმების პარაფირება განხორციელდა საქართველოში გერმანიის პრეზიდენტის, ბატონი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტის ფარგლებში, რაც კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ორ ქვეყანას შორის კულტურისა და განათლების სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.