საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ჟენევაში გაერო-ს გენერალურ დირექტორსა და ვმო-ს გენერალურ დირექტორს რწმუნებათა სიგელები გადასცა

2.02.2018 ჟენევა  -  ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ახლადდანიშნულმა  წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ  ჟენევაში გაერო-ს განყოფილების გენერალურ დირექტორს, მიხაელ მიოლერს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს და გაერო-ს შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები და იმსჯელეს სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მნიშვნელობაზე, განიარაღების კუთხით შექმნილ სირთულეებზე, გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების საკითხზე. ქართულმა მხარემ დაადასტურა ამ და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით საერთაშორისო ინიციატივებში აქტიური ჩართულობისთვის მზადყოფნა. 
 
მუდმივმა წარმომადგენელმა ჟენევაში გაერო-ს ოფისის ხელმძღვანელს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესახებ. აღინიშნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის აუცილებლობა და ამ კუთხით ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მნიშვნელობა.
 
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები  ევროინტეგრაციის, ნატო-სთან თანამშრომლობის, დემოკრატიის კონსოლიდაციის, სექტორული რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით.
 
ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ახლადდანიშნულმა მუდმივმა წარმომადგენელმა რწმუნებათა სიგელები ასევე გადასცა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) გენერალურ დირექტორს, რობერტო აზევედოს. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე დარგობრივ რეფორმებზე, საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე.