საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირსა და ევროპაში კანადის სპეციალური წარმომადგენელი ეწვევა

4.10.2017 თბილისი - ​4-5 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით კანადის სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირსა და ევროპაში, კანადის ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სტეფან დიონი ეწვევა.  

ვიზიტის ფარგლებში სტეფან დიონი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან თამარ ჩუგოშვილთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებთან.

საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრისას განხილულ იქნება საქართველო-კანადის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები.
 
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.

აღსანიშნავია, რომ სტეფან დიონი საქართველოს პირველად ეწვევა. ის 2015-2017 წლებში კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოლო 2004-იდან 2006 წლამდე გარემოს დაცვის მინისტრის პოზიციებს იკავებდა.