საქართველოს პარლამენტში დასრულდა „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების“ საკომიტეტო განხილვები

 
29 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში, დასრულდა რატიფიცირებისათვის წარდგენილი, 2019 წლის 21 ოქტომბერს, ქ. ლონდონში, ხელმოწერილი „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების“ საკომიტეტო განხილვები.

შეთანხმება განხილულ იქნა საგარეო ურთიერთობათა, იურიდიულ საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო, თავდაცვისა და უშიშროების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომიტეტებში, რომლებმაც ერთხმად დაუჭირეს მხარი წარდგენილ შეთანხმებას.

საკითხზე ინფორმაცია კომიტეტების წევრებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ გააცნო. საკომიტეტო განხილვების შემდგომ, შეთანხმება დღეს უნდა იქნას განხილული პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. შეთანხმება ძალაში შევა, როდესაც გაერთიანებული სამეფო დატოვებს ევროკავშირს და ამავდროულად  ორივე მხარეს გაცვლილი ექნება შეტყობინება მათ მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე.

აღნიშნული შეთანხმების დადება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა სამეფომ გადაწყვიტა ევროკავშირიდან გასვლა და შესაბამისად, მის მიმართ მოქმედებას შეწყვეტს 2014 წლის 27 ივნისს, ქ. ბრიუსელში, ხელმოწერილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება. გაერთიანებულ სამეფოსთან ხელმოწერილი შეთანხმება ეფუძნება  ასოცირების შეთანხმებას, რაც ახალ დონეზე აიყვანს ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობას.

შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მისი ძირითადი ნაწილი კი, ასოცირების შეთანხმების მსგავსად, ეთმობა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტებს.

შეთანხმება აღიარებს საქართველოს მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, აგრეთვე მის ევროპულ არჩევანს; მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; ამასთან, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და კონფლიქტის შედეგად გაყოფილი საზოგადოებების შერიგების მნიშვნელობას.