საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

19-20 ივნისს საქართველოს საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

 
საქართველოს საგარეო უწყებაში საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი  ვიზიტის ფარგლებში ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართება.
 
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
 
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დეკემბერში საქართველოში საუდის არაბეთის საელჩო გაიხსნა.  საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და განვითარებას.