საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, ნიდერლანდებში, ლიმბურგის რეგიონში ღონისძიება - „Georgia meets Heerlen” გაიმართა

4.06.2019 ნიდერლანდები-საქართველოს საელჩოსა და ქ. ჰეერლეს მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ასევე კომპანია „Heerwegen”-ისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის „Communications-Unlimited”-ის ინიციატივით, ღონისძიება - ლიმბურგის რეგიონში „Georgia meets Heerlen” გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ნიდერლანდების ქ. ჰეერლეში საქართველოს პოპულარიზაციას.
 
ქ. ჰეერლეში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე ჰეერლეს მერს ემილ როერმერს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.
 
ვიზიტის ფარგლებში, ქ. ჰეერლეს „შუშის სასახლეში“ ადგილობრივი მეწარმეებისათვის საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა გიორგი შარვაშიძემ. სიტყვით გამოსვლისას ელჩმა ქვეყნის უძველესი ისტორიისა და მრავალფეროვანი კულტურის, საქართველოს, როგორც სტაბილური და განვითარებული ეკონომიკური ჰაბის შესახებ ისაუბრა. გიორგი შარვაშიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საინვესტიციო, ბიზნეს, საექსპორტო, სატრანზიტო, ენერგეტიკულ და ტურისტულ პოტენციალზე.
 
 “ბოლო წლების განმავლობაში ნიდერლანდების სამეფო საქართველოში უმსხვილეს ინვესტორებს შორის არის. მიუხედავად ნიდერლანდების მხრიდან საქართველოს მიმართ დიდი ინტერესისა, ჯერ კიდევ არის ბევრი სფერო, რომლის ფარგლებშიც საჭიროა თანამშრომლობის გაღრმავება. ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ჰოლანდიური კომპანია დაინტერესდეს საქართველოში ბიზნესის კეთებითა და ინვესტიციების განხორციელებით“ -აღნიშნა საქართველოს ელჩმა.
 
საქართველოს შესახებ პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ ქ. ჰეერლეს მერი ემილ როერმერი და სამხრეთ ლიმბურგის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანია ნიევიერა.
 
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა კომპანია „Heerwegen”-ის დამფუძნებელმა ალოის ბრუხემანმა. “ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ საქართველოსგან, როგორ შეიძლება ტრადიციების შენარჩუნებითა და სწორად გამოყენებით ტურისტულ ქვეყნად გადაქცევა. ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს მასპინძლობა. ასევე მიხარია, რომ საქართველოს საელჩომ დაინახა ჩვენი რეგიონის პოტენციალი და მეწარმეებს ლიმბურგის რეგიონიდან ახალი თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობა მისცა“-აღნიშნა ალოის ბრუხემანმა.
 
აღსანიშნავია, რომ ალოის ბრუხემანი საქართველოს შესახებ ჰეერლენში პრეზენტაციის გამართვის ინიციატორია. მან დამსწრე საზოგადოებას საქართველოს მე-6 მემილიონე ტურისტის შესახებ გააცნო ინფორმაცია და პრეზენტაციის ბოლოს ჯესპერ ბლექის მიმართვაც აჩვენა, სადაც მან საქართველოში გატარებულ დაუვიწყარ დღეებზე და ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა.
 
ღონისძიების შემდეგ, საქართველოს საელჩოს სახელით გამართულ მიღებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული კერძები და ქართული ღვინის ნაირსახეობა.
 
ღონისძიებას მეწარმეები, სავაჭრო სამრეწველო პალატების და ბიზნეს გაერთიანების 50-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებმაც საქართველოში მოგზაურობისა და ქვეყნის კულტურის უფრო ახლოს გაცნობის სურვილი გამოთქვეს.