საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის 2018 წლის 31 ოქტომბრის #406 ბრძანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა მიხეილ ნინუა

მიხეილ ნინუას გააჩნია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2005-2006 წლებში საქმიანობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში; მას შემდეგ ეკავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობები.

მიხეილ ნინუა სხვადასხვა დროს გახლდათ  ფოთის პორტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, შპს „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
 
2010 წელს საქმიანობა განაგრძო კანადურ-ბრიტანულ ნავთობსაძიებო კომპანია  „Tethys Petroleum Limited” - ში, სადაც ჯერ ტაჯიკეთში არსებული კომპანიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა, ხოლო 2013 წლიდან 2016 წლამდე წარმოადგენდა ზემოთაღნიშნულ კომპანიას ყაზახეთის რესპუბლიკაში.
 
2015-2017 წლებში გახლდათ ტაჯიკეთის რესპუბლიკის ნავთობ-საძიებო კომპანიის „Skyland Petroleum Group”  საოპერაციო დირექტორი; 2017 წლიდან კი, კომპანია  „Avenue Construction Georgia”-ის დირექტორი.
 
2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. მიხეილ ნინუა მინისტრის მოადგილის რანგში საქმიანობას 2018 წლის 5 ნოემბრიდან შეუდგება.