საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში

25.07.2017 თბილისი - ​საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში იმყოფება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან. 

ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრები გამართა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან რუვენ რივლინთან და პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.

შეხვედრებზე ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებას.
განხილულ იქნა ორი ქვეყნის კონკრეტულ უწყებებს შორის არსებული პარტნიორობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მონაცემების ზრდის დინამიკა და ამ მიმართულებით არსებული კიდევ უფრო დიდი პოტენციალი.

საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას.

ებრაულმა მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

გაფართოებულ შეხვედრებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიიღო მონაწილეობა.

ქართულმა დელეგაციამ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო და იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარი, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი და იერუსალიმის დასავლეთის კედელი მოინახულა.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს III-მ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გვირგვინიანი ოქროს ჯვრით, გვირგვინითა და ვარსკვლავით დააჯილდოვა. პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქისგან მსგავსი ჯილდო უმაღლესი თანამდებობის პირმა პირველად მიიღო.