ქ. ბელგრადში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პირველი ოფიციალური მიღება გაიმართა

2018 წლის 7 ივნისს, ქ.  ბელგრადის სასტუმრო „მეტროპოლში“, საქართველოს საელჩომ საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში პირველად უმასპინძლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას.
 
ღონისძიება ასევე მიეძღვნა საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს.  აღსანიშნავია, რომ მიღებას დაესწრო საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელთა შორის იყო პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიცო ქაცარავა და საქართველოს პარლამენტში სერბეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი  გედევან ფოფხაძე.
 
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა  იოსებ ნანობაშვილმა და საქართველოსა და სერბეთის პარლამენტებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა  სოფიცო ქაცარავამ და  ზარკო ობრადოვიჩმა.
 
მიღებას ასევე ესწრებოდნენ სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე  მაია გოიკოვიჩი, სერბეთის შრომის, დასაქმებისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი ზორან ჯორჯევიჩი, სერბეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელი პარლამენტარები, სერბეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი, ბელგრადში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, სერბეთის აკადემიური და კულტურის სფეროს მოღვაწეები, სერბი ბიზნესმენები, სერბეთის მას–მედიის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე  მოპატიჟებულ სტუმრებს შორის იყვნენ სერბეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულეები. სერბეთის საპატრიარქოს წარმოადგენდა არქიმანდრიტი სტეფანე.
 
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ქართული ღვინის დეგუსტაცია. სტუმრებმა იხილეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისათვის მომზადებული ვიდეო-რგოლი, ასევე საქართველოს ტურისტული და საინვესტიციო-სამეწარმეო შესაძლებლობების შესახებ ვიდეო-ფილმები.