საქართველოს საელჩოში პოპულარული კანადური ჟურნალის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

 
13.02.2018 კანადა -  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ პოპულარული კანადური ჟურნალის „Ottawa Life Magazine” მთავარ რედაქტორსა და ჟურნალისტებს უმასპინძლა.
 
ელჩმა საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გააკეთა და ქვეყნის კულტურულ და ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა. მან კანადელ ჟურნალისტებს საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი ასევე შეეხო  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.
 
მხარეებმა ისაუბრეს კანადასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალზე. ამ კონტექსტში აღინიშნა კანადაში მაღალხარისხიანი ქართული ღვინის შეტანის პერსპექტივა.
 
პრეზენტაციის შემდეგ საელჩოში ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყო. სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული კერძებიც.
 
ღონისძიება პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრების ციკლის ფარგლებში გაიმართა.