საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ აბაშიძემ ყირგიზეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

27.10.2017 ყირგიზეთი -  ყირგიზეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალი,  რომლის ფარგლებშიც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ აბაშიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ყირგიზეთის პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს.
 
სიგელების გადაცემის შემდეგ, პრეზიდენტმა ატამბაევმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან  საკუთარ  გამოსვლაში  ისაუბრა ყირგიზეთში  ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე.  პრეზიდენტმა  მოკლედ მიმოიხილა ყირგიზეთის რესპუბლიკის ურთიერთობები იმ ქვეყნებთან, რომელთა წარმომადგენელი ელჩებიც იმყოფებოდნენ ცერემონიალზე. ყირგიზეთის პრეზიდენტმა  შეაფასა 2016 წელს საქართველოში განხორციელებული ვიზიტის მნიშვნელობა.  პრეზიდენტმა ატამბაევმა აღნიშნა, რომ ყირგიზეთსა და საქართველოს გააჩნია სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული კუთხით თანამშრომლობის დიდი პოტენციალი, მან ასევე ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყების აუცილებლობას.
             
ცერემონიის დასრულების შემდეგ, ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა,  ერლან აბდილდაევმა   საზეიმო სადილი გამართა, რომლის ფარგლებშიც  საქართველოს ელჩმა ზურაბ აბაშიძემ და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორი ქვეყნისა და საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის  საკითხები მიმოიხილეს.