საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს შეხვდა

26.02.2019 ქ. ჟენევა-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა .ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, გაეოს ადამიანის უფლებების საბჭოს სესიის მაღალი გმენტის ღონისძიების ფარგლებში შეხვედრა გამართა გაეროს უმაღლეს კომისართან ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში მიშელ ბაშელესთან.
 
შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოსა და კომისრის ოფისის თანამშრომლობას. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილი მდგომარეობის შეფასებისა და შემდგომი პრევენციისთვის. ამ მხრივ განსაკუთრებული შეფასება მიეცა ადამიანის უფლებების დაცვის კომისრის ანგარიშებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ, რაც ნათლად ასახავს ადგილზე არსებული ვითარების სირთულეს და ასევე აღინიშნა ანგარიშების პრაქტიკის გაგრძელების მნიშვნელობა.  
 
ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობას. კიდევ ერთხელ აღინიშნა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა.  
 
მხარეები მიესალმნენ კომისრის ოფისის წარმომადგენლების ჩართვას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში. აღინიშნა, რომ სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ძალისხმევით არის შესაძლებელი კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის იმპლემენტაცია.
 
 შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმები. დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობისთვის აღნიშნული საკითხის პრიორიტეტულობა.