საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიწვევით გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს

22.03.2017 ვაშინგტონი, აშშ - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც ვაშინგტონში აშშ-ს სახელწიფო მდივნის რექს ტილერსონის მასპინძლობით იმართება. კონფერენციას 68 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ესწრება. 

„კონფერენციაში ჩვენი მონაწილეობა, დასტურია იმისა, რომ საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ანტიტერორისტული საქმიანობის კუთხით. ჩვენი კონტრიბუცია მაღალია, როლი და მნიშვნელობა დიდია. საქართველო ჩართულია გლობალური კოალიციის საქმიანობაში მისი დაფუძნების დღიდან. ჩვენ ამით ვადასტურებთ ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან ძალისხმევას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველოს როლი მნიშვნელოვანია ასევე რეგიონალური უსაფრთხოების და  სტაბილურობის კუთხით. ჩვენი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართულია რეგიონში უფრო მეტი უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ და საქართველოს მნიშვნელობასა და როლზე რეგიონში   უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ "ისლამური სახელმწიფოდან " მომდინარე საფრთხეებზე, კოალიციის მიერ წარმოებულ ოპერაციებზე და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზე.

საქართველო 2014 წლიდან გლობალური კოალიციის წევრია. გლობალური კოალიციის პირველი მინისტერიალი 2014 წლის 3 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა. კოალიციის მიზანი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და რეგიონში ტერორიზმიდან გამომდინარე საფრთხეების და შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის აღმოფხვრაა.

გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე კოლეგა მინისტრებს ხვდება.