საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

11.09.2018. ქ. თბილისი-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ანდრეა ტომფსონთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების გარემოზე. არსებული გამოწვევების ფონზე, ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან - თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით დაგეგმილ ერთობლივ ნაბიჯებზე.
 
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.

მინისტრმა ანდრეა ტომფსონს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, კერძოდ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობა.  ასევე  ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე -„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. მინისტრმა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების პროცესში ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისა და სოლიდარობის მნიშვნელობას. 

ანდრეა ტომფსონმა, აშშ-ს მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. 
 
შეხვედრა 2018 წლის 11-12 სექტემბერს მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებული თბილისის საერთაშორისო კონფერენციის  - „მსოფლიო თავდაყირა 2018“, ფარგლებში გაიმართა.