საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს შეხვდა

01.07.2018 ქ. ბერლინი -  ქართველ დიპლომატებთან შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა გერმანიაში მიმდინარე ვიზიტის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა გერმანიის როლს საქართველოს საგარეო პოლიტიკური ამოცანების ეფექტური განხორციელებისათვის.

ამ მხრივ მინისტრი შეეხო ნატოს ბრიუსელის სამიტს და მასთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინებს, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებულ პროგრესს.
 
მინისტრმა საელჩოს თანამშრომლებს ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის ინიციატივა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შესახებ, რაც ითვალისწინებს საქართველოს მეტ ინსტიტუციურ, სექტორულ და ფიზიკურ დაახლოებას ევროკავშირის სტადარტებთან. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რუსეთთან კონფლიქტისა და უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას, მათ შორის ინიციატივას “ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ”.
 
მინისტრმა ქართველ დიპლომატებს გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა, რომლის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა, ქვეყნის სწრაფი მოდერნიზაცია და ეკონომიკირი განვითარება, მათ შორის ციფრული ეკონომიკის თანამედროვე ტენდენციების აქატიური გამოყენებით, განათლების სისტემის განვითარება და მცირე მთავრობის კონცეფცია. მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს გერმანიასთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და აღუთქვა თანადგომა და აქტიური ჩართულობა გერმანისთან ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების საქმეში.
 
დავით ზალკალიანი ბერლინს 1-4 ივლისს სტუმრობს.  ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს გერმანიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ანალიტიკური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან. გერმანელ კოლეგასთან ჰაიკო მაასთან შეხვედრის ფარგლებში მინისტრები პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საქრთველო-გერმანიის სტრატეგიულ დიალოგში და ასევე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებულ სადღესასწაულო ღონისძიებაში.