საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე ინტერპარტიული ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

21.10.2019 ლონდონი - საქართველოს საგარეო საქმეთა  მინისტრი დავით ზალკალიანი ქ. ლონდონში ვიზიტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე ინტერპარტიული ჯგუფის ხელმძღვანელს ჯონათან ჯანოღლის და ჯგუფის წევრებს შეხვდა.

მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებას, რაც მათი შეფასებით, ორი ქვეყნის განსაკუთრებული მეგობრობისა და მჭიდრო პარტნიორობის შედეგია.  შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს და გაერთიანებულ სამეფოს შორის საპარლამენტო თანამშრომლობას. ამ მხრივ,  განსაკუთრებით აღინიშნა  დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის საქმიანობა და როლი, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტში გაერთიანებულ სამეფოსთან მეგობრობის ჯგუფის აქტიურობა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბრიტანელ პარლამენტარებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის,  ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის,  რაც გამოიხატება საერთაშორისო ფორუმზე აქტიურ თანამშრომლობაში და უშუალოდ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მიერ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებსა და რეზოლუციებში. ამ მხრივ, დავით ზალკალიანმა განსაკუთრებით აღნიშნა უორდროპის დიალოგის საპარლმენტო კომიტეტის ფარგლებში მიღებული დეკლარაცია.