საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის რეზიდენციაში საზეიმო მიღებას დაესწრო

15.05.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის რეზიდენციაში დაესწრო საზეიმო მიღებას, რომელიც საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის 25 წლისთავთან და საქართველოში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის გერდ მიულერის ვიზიტთან დაკავშირებით გაიმართა. 

განვითარების სფეროში თანამშრომლობა ქართულ-გერმანული ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთ ძირითად ქვაკუთხედს წარმოადგენს. 1992 წლიდან მოყოლებული, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, ფინანსური და ტექნიკური დახმარების ფარგლებში, საქართველოს 800 მილიონ ევროზე მეტი გამოუყო, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს დემოკრატიული და სოციალ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში.  

თბილისში ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა გერდ მიულერმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და ვიცე-პრემიერთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან, რომლებთანაც შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული საკითხები განიხილა.