საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იაპონიას ეწვევა

30.05.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიზიტით იაპონიას ეწვევა. ტოკიოში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს იაპონიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საგარეო საქმეთა მინისტრის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში საზეიმოდ აღინიშნება საქათველო-იაპონიის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი. 

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვა იაპონიის წამყვან ანალიტიკურ ცენტრ „Sasakawa Foundation”-ში, სადაც საუბარი შეეხება საქართველო-იაპონიის ურთიერთობას, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებებს,  ქვეყნის მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციებს და გლობალური და რეგიონალური პოლიტიკის საკითხებს.

იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს და სიტყვით გამოვა იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციაში (JETRO) და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოში (JICA), სადაც საუბარი შეეხება საქართველო-იაპონიას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ თანამშრომლობას, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს და განვითარების სფეროში იაპონიასთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მინისტრის პრესკონფერენცია იაპონური მედიის წარმომადგენლებისთვის იაპონიის ნაციონალურ პრეს-კლუბში.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის იაპონიაში ვიზიტი ასევე ემსახურება მაღალი ტექნოლოგიების სფეროში იაპონიასთან თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, ამ მიზნით ვიზიტის ფარგლებში მიხელ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს იაპონიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის, ასევე იაპონიის რობოტიკსის ასოციაციაში, საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ეწვევა უმსხვილეს იაპონურ კომპანიებს, მათ შორის ტოშიბასა და ჰიტაჩის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა ვიზიტის ფარგლებში ქ. ოსაკაში საზეიმოდ გაიხსნება იაპონიაში პირველი ქართული ღვინის მაღაზია.