საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იტალიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ისტორიულს უწოდებს

9.03.2017, რომი - საქართველოს მთავრობის დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით იტალიის რესპუბლიკაში ვიზიტი დაასრულა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, რომელიც რომში სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში იყო, აღნიშნულ ვიზიტს საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში გამორჩეულად აფასებს. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ეს ისტორიული ვიზიტი იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ   საქართვლო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა დღეს ევროპის ნაწილია. „ისტორიული ვიზიტი იტალიაში. საქართველო პირველად ეწვია იტალიას მთავრობის და ბიზნესის (110 ქართული ბიზნეს კომპანია) ასეთი შემადგენლობით. ჩვენ ვაგრძელებთ დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან მჭიდრო პარტნიორული კავშირების დამყარებას და ურთიერთობების მაღალ დონეზე გადაყვანას. საქართველო დღეს შემდგარი დემოკრატიაა და ევროპის ნაწილია, რომელიც საინტერესო ხდება ევროპული მსხვილი კორპორაციებისთვის. მაისში საქართველოს ეწვევა მსხვილი იტალიური კომპანიების მისია, ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობით”-აღნიშნა მინისტრმა.

2017 წლის 8-9 მარტს ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები იტალიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან პაოლო ჯენტილონისთან, იტალიის სენატის პრეზიდენტთან პიეტრო გრასოსთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან საგარეო საქმეთა მინისტრთან ანჯელინო ალფანოსთან და ეკონომიკური განვითარების მინისტრთან კარლო კალენდასთან.


შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივ ურთიერთობებს. ხაზი გაესვა იტალიასთან საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ თანამშრომლობას და ეკონომიკურ,  სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმის სექტორში ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. აღინიშნა იტალიის ინტერესი საქართველოში ბიზნეს-პროექტებში მონაწილეობისა და ინვესტირების კუთხით. იტალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა, გარდა ამისა, ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში. იტალიის მთავრობამ საქართველოსა და ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა. მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს, რომ წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25-წლისთავი აღინიშნება.


საქართველოს დელეგაციამ ასევე მონაწილეობა მიიღო იტალია-საქართველოს პირველ ბიზნეს ფორუმში, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანგელინო ალფანო. გიორგი კვირიკაშვილმა იტალიელ ბიზნესმენებს გააცნო საქართველოში არსებული ბიზნეს კლიმატი და ბიზნესის წახალისებაზე ორიენტირებული მიმდინარე რეფორმები, ისაუბრა ევროკავშირთან ხელმოწერილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების სარგებლიანობაზე, ასევე საქართველო გეოსტრატეგიულ მდებარეობაზე, მაღალსიჩქარიან სარკინიგზო სისტემაზე და გზატკეცილებზე და ეკონომიკურ ზრდაზე. ფორუმში 250-ზე მეტი წამყვანი იტალიური და ქართული ბიზნესკომპანია მონაწილეობდა.


ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამართა საჯარო ლექცია რომის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში.