საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უკრაინელ კოლეგას პავლო კლიმკინს შეხვდა

21.04.2017 თბილისი - ​2017 წლის 21 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან პავლო კლიმკინთან. 

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა დატვირთული დღის წესრიგით ხვდებიან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს, რომელიც 2017 წელს აღინიშნება.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა ორივე ქვეყნის საგარეო უწყებას შორის კონსულტაციების რეგულარულად გამართვის მნიშვნელობას. აღინიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, მათ შორის ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი პოზიციონირების აუცილებლობა.

მინისტრებმა შეაჯერეს პოზიციები დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე და დასახეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. ხაზი გაესვა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას, ამ კონტექსტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში შედგება უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტი.

მხარეებმა მიმოიხილეს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებული სიტუაცია და დაადასტურეს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა. ქართულმა მხარემ დაადასტურა მზაობა, გაუზიაროს უკრაინას  ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თემატიკაზე არსებული გამოცდილება.

შეხვედრის შემდეგ, მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას საქართველოსა და უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, რომელშიც შეჯამებულია ორ ქვეყანას შორის ამ პერიოდში არსებული თანამშრომლობა და დასახულია სამომავლო გეგმები და ასევე, 2017-2018 წლებში საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროების კონსულტაციების სამოქმედო გეგმას.