საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს

11.07.2017 მაუერბახი, ავსტრია - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც  ქ. მაუერბახში ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს.  შეხვედრა  ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის მოწვევით იმართება.  

არაფორმალურ შეხვედრაზე “Building Trust through Dialogue and Co-operation” მონაწილეები მსჯელობენ ეუთო-ს სივრცეში უსაფრთხოების გარემოსა და ექსტრემიზმის აღმოფხვრის საკითხებზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით მიმართავს სამუშაო სესიის მონაწილეებს და საკუთარ გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასა და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, რაც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში.

არაფორმალურ შეხვედრაში, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეობასთან ერთად, მონაწილეობას იღებენ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი, აგრეთვე, გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში და ორგანიზაციის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირები.