საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სან-ტომე და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო, თანამშრომლობის და თანამეგობრობის საქმეთა მინისტრს შეხვდა

14.11.2019 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გამართა შეხვედრა სან-ტომე და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო, თანამშრომლობის და თანამეგობრობის საქმეთა მინისტრთან, დოქტორ ელზა მარია ნეტო დ’ალვა ტეიქსეირა დე ბარუშ პინტოსთან, რომელიც ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს საქართველოს. 

შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს საქართველოს და სან-ტომე და პრინსიპის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მიესალმნენ ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების მზარდ დინამიკას და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. 
 
მინისტრმა დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ რთულ ვითარებაზე, საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებზე.

საგარეო საქმეთა, თანამშრომლობის და თანამეგობრობის საქმეთა მინისტრმა დაადასტურა სან-ტომე და პრინსიპის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რაც ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას.