საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის ელჩებს შეხვდა

15.03.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა ელჩებს მადლობა გადაუხადა ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს ურყევი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

მან დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებს ინფორმაცია მიაწოდა ვიზის ლიბერალიზაციის საკითხზე საქართველოს მთავრობის აქტიურ საინფორმაციო კამპანიაზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებას იმ რისკებისა და საფრთხეების შესახებ, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს შენგენის ქვეყნებში მოგზაურობის პროცედურების დარღვევით. აღინიშნა საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში გაწეული შთამბეჭდავი სამუშაოები და ასევე, ის რომ ეს კონკრეტული მიღწევა დამატებით სტიმულს მისცემს სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას.
 
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან მინისტრმა ასევე მიმოიხილა საქართველოსა და რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები.
 
ყურადღება გამახვილდა  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის როგორიცაა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებზე და ასევე იმ ნეგატიურ შედეგებზე, რაც ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. გადასასვლელების დახურვას მოჰყვა. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს,  ე.წ. რეფერენდუმს და ასევე იმ ე.წ. შეთანხმების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ცხინვალის რეგიონის სამხედრო შენაერთების სრულ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში.
 
მინისტრმა, იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა შესაბამის შეფასებას მისცემს რუსეთის ფედერაციის აღნიშნულ ქმედებებს.