საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

28.10.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის ქვედა პალატა) პრეზიდენტს მარინა კარობიო-გუშეტის შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს, რომლის ფარგლებშიც, მან მონაწილეობა მიიღო შვეიცარიის საელჩოს ახალი შენობის ინაუგურაციის ცერემონიაში.
 
შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მიესალმნენ ორი ქვეყნის ურთიერთობებში გამოკვეთილ ბოლოდროინდელ დინამიკას და ხაზი გაუსვეს საპარლამენტო კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას.
 
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, განსაკუთრებული აქცენტით სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და მიესალმნენ შვეიცარული კომპანიების წარმატებულ ოპერირებას ქართულ ბაზარზე. ისაუბრეს ტურისტების მზარდ რაოდენობაზე და ხაზი გაუსვეს საქართველოს, როგორც მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებას.
 
შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ყურადღება გაამახვილეს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე. მინისტრმა შვეიცარიის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობის, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკისა და შერიგების პროცესის შესახებ. დავით ზალკალიანმა პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა შვეიცარიის, როგორც მედიატორის როლს, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში.
 
მარინა კარობიო-გუშეტიმ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემაზეა დაფუძნებული. მან აღნიშნა, რომ შვეიცარული მხარე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება საშუამავლო ფუნქციას და მაქსიმალურად ეცდება, პოზიტიური წვლილი შეიტანოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში.
 
შვეიცარული მხარის დაინტერესების საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმოიხილა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმები და თანამშრომლობის პერსპექტივები.
 
შეხვედრის დასასრულს, მხარებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები.
 
მინისტრმა მიულოცა შვეცარიის პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოში საელჩოს ახალი შენობის გახსნა.
 
აღსანიშნავია საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობისათვის ეწვია რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი ივ როსიე, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს საქართველოს ინტერსების სექციას. შვეიცარელ დიპლომატთან  შეხევდრები გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციაში.