საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სლოვაკ კოლეგას შეხვდა

12.04.2017 ვარშავა, პოლინეთი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ქ. ვარშავაში, „ვიშეგრადის ოთხეულისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც ორმხრივი შეხვედრა გამართა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მიროსლავ ლაიჩაკთან. 

შეხვედრისას მინისტრებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის შესახებ, რომელიც დაგეგმილია 2017 წლის 22 ნოემბერს. მიხეილ ჯანელიძემ სლოვაკ კოლეგას გააცნო ის მოლოდინები და პრიორიტეტები, რომელიც ქართულ მხარეს აქვს სამიტთან დაკავშირებით.
 
მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს მომავალში დაგეგმილ ორმხრივ ვიზიტებზე.
 
მიროსლავ ლაიჩაკმა მიხეილ ჯანელიძეს კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება.