საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას შეხვდა

12.04.2017 ვარშავა, პოლონეთი - ქ. ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს განაგრძობს კოლეგა მინისტრებთან. მიხეილ ჯანელიძე უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს პავლო კლიმკინს შეხვდა.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველო-უკრაინას შორის არსებული მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები. ამ მხრივ ხაზი გაუსვეს უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ მაღალ დონის შეხვედრებსა და ვიზიტებს. მათ შორის საუბარი შეეხო  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება, ასევე სუამის ქვეყნების პრემიერ-მინისტრების შეხვედრის მნიშვნელობას, რომელიც კიევში 27 მარტს შედგა.
 
მინისტრებმა მიულოცეს ერთმანეთს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატება, რაც საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მინიჭებაში, უკრაინასთან მიმართებაში კი ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაში გამოიხატა. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანაშრომლონ ევროპული ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.
 
მინისტრებმა ვრცლად ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, მათ შორის  მიმოიხილეს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება.