საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ურუგვაისა და არგენტინას ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2019 წლის 17-23 მარტს ლათინური ამერიკის ტურნეს ფარგლებში ოფიციალური ვიზიტით ეწვევა არგენტინასა და ურუგვაის.

ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს კონფრენციაში „სამხრეთ-სამხრეთი თანამშრომლობა“ (south-south cooperation) და სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს, რომელთა შორის არიან ლათინური ამერიკის,  აფრიკის, წყნარი  ოკეანის ქვეყნების აუზის სახელმწიფოთა მეთაურები.
 
ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს არგენტინასა და ურუგვაიში. არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედება არგენტინელ კოლეგას ხორხე ფორისს, ასევე არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს.  ქ. ბუენოს-აირესში დაგეგმილი კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან ლათინური ამერიკისა და აფრიკის სახელმწიფოებიდან.
 
ურუგვაიში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრთან როდოლფო ნინ ნოვოასთან, ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტთან, სენატის თავმჯდომარესთან, ასევე წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან და ურუგვაის პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებთან. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, როგორც არგენტინაში, ასევე ურუგვაიში შეხვდება ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. ​
 
აღსანიშნავია, რომ არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ( FAO ) დირექტორობის კანდიდატი საქართველოდან  დავით კირვალიძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.