დავით ზალკალიანი საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა

26.11.2018 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან. 

შეხვედრის დასაწყისში, უკრაინის ელჩმა,საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა, აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში ვითარების ესკალაციის თაობაზე გაკეთებული დროული განცხადებისათვის. იგორ დოლგოვმა დავით ზალკალიანს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, უკრაინაში არსებული ვითარების თაობაზე, რომელიც დადგა 2018 წლის 25 ნოემბერს, აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში ვითარების ესკალაციის შემდეგ, რომლის შედეგად უკანონოდ არის დაკავებული ორი უკრაინული სამხედრო გემი, ერთი ბუქსირი და ეკიპაჟის ყველა წევრი, რომელთაგან რამდენიმე არის დაჭრილი. 

უკრაინის ელჩმა, რუსეთის ფედერაციის ეს ქმედება, შეაფასა გაერო-ს წესდების და საზღვაო სამართლის შესახებ გაერო-ს კონვენციის უხეშ დარღვევად და დასძინა, რომ უკრაინა უპირველეს ყოვლისა ეცდება აღნიშნული პრობლემის პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარებას. მას ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და მკაფიო პოზიცია აღნიშნულ საკითხზე. 

თავის მხრივ, დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინულ გემებზე თავდასხმა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას და საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის სტაბილურობას. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და უკრაინას საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა.