საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის მეუღლემ, თამარ ქემოკლიძემ უმასპინძლა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მეუღლეს, კაორი კონოს

04.09.2018 თბილისი - 4 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის მეუღლემ, თამარ ქემოკლიძემ უმასპინძლა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მეუღლეს, კაორი კონოს, რომელიც თან ახლდა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ტარო კონოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.

თამარ ქემოკლიძე და კაორი კონო ესტუმრნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს. მათ დაათვალიერეს ისტორიული შენობა და საკონცერტო დარბაზები და დაესწრნენ საბალეტო დასის რეპეტიციას, რომლის წევრებს ორი იაპონელი ბალერონიც მიეკუთვნება.   ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საგარეო მინისტრების მეუღლეებს უმასპინძლა პრიმა ბალერინამ და საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა, რომელსაც  იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობებში ხანგრძლივი და მრავალფეროვანი მოღვაწეობისა და იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მინიჭებული აქვს უმაღლესი ჯილდო, იაპონიის იმპერატორის პრემია.

თამარ ქემოკლიძემ და კაორი კონომ ასევე მოინახულეს კამილიელთა სამედიცინო ცენტრთან არსებული თიხის სახელოსნო, რომელიც იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტით დაფინანსდა. კერამიკის სახელოსნოს უმთავრეს ბენეფიციარებს წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობების პირები. მათ უტარდებათ სპეციალური თერაპია, რომელიც ხელს უწყობს შშმ პირთა სოციალური ურთიერთობების გაფართოებას და ინტეგრირებას საზოგადოებაში.

საქართველოსა და იაპონიის საგარეო მინისტრების მეუღლეები ასევე ესტუმრნენ ქალაქ მცხეთას და მოინახულეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი, სვეტიცხოველი და  მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული ჯვრის მონასტერი.

კაორი კონომ, მეუღლესთან ერთად გვირგვინით შეამკო იაპონ მოქალაქეთა მემორიალი. 
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მეუღლესთან ერთად საქართელოს ოფიციალური ვიზიტით 3-4 სექტემბერს ეწვია.