საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ირანის ელჩს შეხვდა

20.08.2018 ქ. თბილისი-  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ შეხვედრა გამართა საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდისთან.
 
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. საუბარი ასევე შეეხო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს საზღვარზე შემოწმების არსებულ პრცედურებს და ამ მიმართულებით ირანის ცალკეული მოქალაქეების მხრიდან გამოხატულ უკმაყოფილებას. ირანის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით არსებულ პრაქტიკაზე და ეცნობა, რომ გატარებული ოპერატიული ღონისძიებებით, ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის რელიგიური გრძნობების შემლახავი რაიმე ქმედება არ გამოვლენილა.
           
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კოორდინირებულ მუშაობას და გამოიყენებენ კომუნიკაციის ყველა არხს მსგავსი გაუგებრობის მომავალში თავიდან ასაცილებლად.