საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სამუშაო ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოს ეწვია

2019 წლის 28 თებერვალი-1 მარტის პერიოდში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.
 
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის შეხვედრები დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ ჯონათან ჯანოგლისთან და ლორდთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლორდ ჰოუელთან, ასევე - გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მრავალმხრივი პოლიტიკის დირექტორატისა და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან.
 
შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, რომელიც პასუხობს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის საერთო ღირებულებებს, ინტერესებსა და გამოწვევებს, მათ შორის კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის დაცვის თვალსაზრისით.
 
ბრიტანეთის მხარეს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარების, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვისა და ადამიანის უფლებების სხვა უხეში დარღვევების თაობაზე.
 
ბრიტანულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტის “Chatham House”-ში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე “The Russia-Georgia conflict – challenges to a sustainable peace”.