საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია ევროპის საბჭოში მე-20 კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის დროს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

საკუთარ გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე, ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. 

გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის აბსოლუტური უფლების – სიცოცხლის უფლების უგულებელყოფაზე. განაცხადა, რომ მართლმსაჯულების აღუსრულებლობა, რაც ახლავს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს, ახალისებს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას.
ლაშა დარსალიამ მიმოიხილა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობა. ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ გადასასვლელი პუნქტების დაკეტვას მოჰყვა უმძიმესი შედეგები. გარდა იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას აღარ აქვს საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, მათ შეეზღუდათ საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისა და სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ახალგორის რაიონში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი გარდაცვალება არის ნათელი დადასტურება თუ რამდენად უმნიშვნელოა ადამიანის სიცოცხლე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმისთვის.

ლაშა დარსალიამ ისაუბრა მავთულხლართების გავლებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესზე. მან აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ართმევს ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს როგორიცაა საკუთრების უფლება, გადაადგილების თავისუფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება და სხვა. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან თერთმეტი წლის თავზე, საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს ხელოვნური ბარიერების აღმართვის შემდეგ ადგილობრივ მაცხოვრებელთა სახლები და კარ-მიდამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ ეს არის მაგალითი თუ როგორ ართულებს რუსეთის უკანონო ქმედებები ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.

მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა ბოლო პერიოდში სოფელ ჩორჩანაში უკიდურესად დაძაბულ სიტუაციაზე. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს პროვოკაციების ინტენსიფიკაციის დონემ მიაღწია კულმინაციას, რაც გამოიწვია სოფლის მახლობლად​, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევამ და უკანონო ქმედებებმა.

სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ნაბიჯებზე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით. ხაზი გაესვა ამ პროცესში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.

კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვისას განცხადებები გაკეთდა ევროკავშირის და სუამის სახელით.

ევროკავშირი მიესალმება გენერალური მდივნის მე-20 კონსოლიდირებულ ანგარიშს. განცხადებაში ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უმძიმესი მდგომარეობის გამო და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უპირობოდ და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუზღუდავი დაშვება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სხდომაზე განცხადება ასევე გაკეთდა სუამის სახელით. განცხადებაში გამოხატულია წუხილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-20 კონსოლიდირებულ ანგარიშს, ასევე პარტნიორების მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს. სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ საკითხი „კონფლიქტი საქართველოში“, მომავალშიც შენარჩუნდება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.

სუამის განცხადება: Statement of the Delegations of GUAM member states on the Secretary General’s 20th consolidated report on the Conflict in Georgia