საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი მიიღო

21.02.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრს მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან (CDU), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელს აქსელ ფიშერს (Axel Fischer).

ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო და პარტნიორულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. აღინიშნა გერმანიის განსაკუთრებული წვლილი საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების, ევროპული ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პროცესში.
 
ამასთან, მინისტრის მოადგილემ გერმანელ პარლამენტარს, მისივე თხოვნით, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობისა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების შესახებ.
 
შეხვედრაზე აქსელ ფიშერმა, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ძალზე პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მიერ დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი და ამ კონტექსტში განსაკუთრებით გამოყო 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები.
 
გერმანიის ბუნდესტაგის წევრი 2017 წლის 20-დან 24 თებერვლის ჩათვლით სტუმრობს თბილისს. ვიზიტის ფარგლებში იგი ასევე ხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს.