საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ,,ქართული კულტურის სახლის” ხელმძღვანელს შეხვდა

30.01.2018 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციის – ,,ქართული კულტურის სახლის” ხელმძღვანელთან, ერდალ ქუჩუკთან და დიასპორის წარმომადგენელთან ონდერ ასრუსთან. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ სტუმრებს გააცნო დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია და ის ინიციატივები, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ინერგება დიასპორასთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნით.

,,ქართული კულტურის სახლის” ხელმძღვანელმა ზვიად გონაძეს ინფორმაცია მიაწოდა ორგანიზაციის საქმიანობისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტების თაობაზე, ასევე ისაუბრა ქართული დიასპორის  წინაშე არსებულ გამოწვევებსა და არსებული პრობლემატიკის გადაჭრის გზებზე. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თურქეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამას, რომელიც ერდალ ქუჩუკის აქტიური ჩართულობით და საგარეო საქმეთა სამინსიტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორცილედება. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ 2014 წელს თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ქართული ენის სწავლების პროგრამაში  ამ დროისთვის თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრებმა 1000-მდე ჩვენმა თანამემამულე ბავშვმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმ მრავალრიცხოვან კულტურულ ღონისძიებებზე და დიასპორულ აქტივობებზე, რომლებიც ,,ქართული კულტურის სახლი”-ს ორგანიზებით სტამბოლში რეგულარულად იმართება. კერძოდ აღინიშნა, რომ 2018 წელსაც დაგეგმილია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავსადმი მიძღვნილი რიგი ღონისძიებების ჩატარება, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის „რუსთავის“ და ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ კონცერტების გამართვა და სხვა.  

კმაყოფილებით აღინიშნა ის წარმატება და დადებითი შეფასებები, რომელიც ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით გადაღებულმა, ერდალ ქუჩუკის დოკუმენტურმა ფილმმა - „კავკასიის ქარ” -მა მოიპოვა. ერდალ ქუჩუკმა ასევე ისაუბრა ქართულ-თურქულ ერთობლივ პროექტზე, ფილმზე „ხიდი“, რომლის პრემიერაც 2018 წელს გაიმართება.

შეხვედრის დასასრულს ზვიად გონაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს გაწეული საქმიანობისათვის და ხაზი გაუსვა საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის წარმოჩენასა და პოპულარიზაციაში ქართული დიასპორის უმნიშვნელოვანეს როლს.