საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში ლიტვის საგანგებო დავალებათა ელჩს შეხვდა

17.05.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში ლიტვის საგანგებო დავალებათა ელჩთან, სიმონას შატუნასთან.
 
შეხვედრის ძირითად თემას წარმოადგენდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. ლიტვურმა მხარემ ძალზედ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და განხორციელებული რეფორმები. მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების შემდგომი პერსპექტივები და გეგმები.
 
ვახტანგ მახარობლიშვილმა ლიტვურ მხარეს გააცნო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია (Roadmap2EU) და მისი მთავარი მიმართულებები. მან მადლობა გადაუხადა ლიტვის საგანგებო დავალებათა ელჩს განსაკუთრებული მხარდაჭერისა და აქტიური წვლილისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
 
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ლიტვას შორის არსებული მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები, მათი გაგრძელებისა და კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობა.