საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს პოლიტიკური დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა

14.07.2017 ბათუმი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს პოლიტიკური დირექტორატის რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, ცენტრალური აზიის ხელმძღვანელთან გუიდო დე სანქტისთან, რომელიც მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ იღებს მონაწილეობას.
 
ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა გუიდო დე სანქტისს იტალიის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ამავე დროს, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის საქმეში შემდგომი თანადგომა უაღრესად მნიშვნელოვანია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციასთან დაკავშირებული საგარეო გამოწვევების გათვალისწინებით. 
 
შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველო-იტალიას შორის თანამშრომლობის კუთხით არსებული დინამიკა პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში. დადებითად შეფასდა მ/წლის მარტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის იტალიაში ვიზიტი და ხაზი გაესვა სამომავლოდ უმაღლესი და მაღალი რანგის ვიზიტების ორგანიზების მნიშვნელობას.
 
გუიდო დე სანქტისმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით მიღწეულ შთამბეჭდავ წარმატებას. მან ქართულ მხარეს დაუდასტურა ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების პროცესში ისევე, როგორც ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში იტალიის რესპუბლიკის სრული მხარდაჭერა. ​