მინისტრის მოადგილემ გერმანიის ელჩთან ქართულ-გერმანული წლის მიმდინარეობის საკითხები განიხილა

14.02.2017 თბილისი - ​ 2017 წლის 14 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა და მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ შეხვედრა გამართეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩთნ ჰაიკე ფაიჩთან (Dr. Heike Peitsch).

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ამასთან, განსაკუთრებით ხაზი გაესვა 2017 წელს ქართულ-გერმანული წლისა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის სათანადო დონეზე აღნიშვნის მნიშვნელობას.

ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ელჩ ჰაიკე ფაიჩს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მომავალში თანამშრომლობის კუთხით არსებულ უზარმაზარ პოტენციალს ეკონომიკისა და ინვესტიციების მოზიდვის, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ტურიზმისა და მთელი რიგი სხვა მიმართულებებით. 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, თავის მხრივ, აღნიშნა რეფორმების შედეგად საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი და დაადასტურა გერმანული მხარის განსაკუთრებული დაინტერესება, შემდგომშიც გადადგას აქტიური ნაბიჯები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად.
 
საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიასთან ელჩის შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.  მხარეებმა ასევე ყურადღება დაუთმეს საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა, რომ ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა განსაკუთრებით მჭიდრო და მრავალმხრივი ურთიერთობები. დავით ჯალაღანიამ მადლობა გადაუხადა ელჩს  განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში გაწეული ფინანსური და ტექნიკური დახმარებისათვის, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ქვეყნის ინსტიტუციურ და სოციალურ-ეკონომიკურ ტრანსფორმაციას.

ამასთან, მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სხვა სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებულ პერსპექტივებზე.